top of page

საერთაშორისო ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში: ბუმი თუ ბუშტი?

  • Writer: Elene Chovelidze
    Elene Chovelidze
  • Aug 31
  • 4 min read

Updated: Sep 15

"ტურიზმი ერთადერთი ინდუსტრიაა, რომელიც მსოფლიოს თქვენს სახლში მოიპატიჟებს და ამ პრივილეგიისთვის თან გადაგიხდით."


აზიასა და ევროპას შორის, სადაც ერთ დროს იმპერიები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და უძველესი სავაჭრო დერეფნები იკვეთებოდა, საქართველო ამ პროცესების ცენტრალური ნაწილი იყო. ის, რაც ოდესღაც მკვლევართა და მოგზაურებისთვის დამალული საგანძური იყო, ახლა გლობალურ ასპარეზზე ძლიერ მოთამაშედ იჩენს თავს და მზარდ ყურადღებას იწვევს.

გარდატეხა შთამბეჭდავია.

2023 წლიდან 2025 წლამდე საქართველომ არა მხოლოდ პანდემიის შოკიდან გამოკეტება მოახერხა, არამედ ტურიზმის ბუმიც განიცადა, რამაც მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გარდაქმნა.


ree

თუმცა, რადგან ზრდა განსაკუთრებით სწრაფია, ჩნდება კითხვა: არის ეს მდგრადი განვითარება თუ სუსტი ეკონომიკური "საპნის ბუშტის" ადრეული ნიშნები?


2023 წელს საქართველომ დაახლოებით 6.2 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო, რაც პანდემიამდელი ვიზიტორების რაოდენობის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა. აღდგენა ფენომენალური იყო, თუმცა ამ დონეზეც არ შეჩერებულა. 2024 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 7.37 მილიონამდე გაიზარდა, წლიური ზრდის 4.2%-ით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათგან 5 მილიონზე მეტი ღამისთევის ტურისტი იყო, რაც ფართო ჩართულობას ასახავს და არა მხოლოდ საზღვრის გადაკვეთას ან მოკლევადიან ტრანზიტს.


2025 წლის შუა პერიოდში საქართველოში უკვე 2.8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტი დაფიქსირდა და ნახევარ წელიწადში მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე ტემპით, 2025 წელი, სავარაუდოდ, ტურიზმიდან 4.6 მილიარდი დოლარის შემოსავლით დასრულდება, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.


მხოლოდ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ეს ციფრები გამორჩეულად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონესთან შედარებით მხოლოდ 88%-ს აღწევდა, საქართველო მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანას უსწრებდა. 2022 წლიდან მოყოლებული თითქმის 37%-იანი ზრდის ტემპით, მან გადაუსწრო იტალიას, საბერძნეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ მსხვილ კურორტს. ქვეყანა არა მხოლოდ აღდგა, არამედ ახალი ეტაპის განვითარების გზას შეუდგა.


ree

საქართველოს ტურიზმის გაფართოებაში ყველაზე საინტერესო მის ვიზიტორების წარმოშობის მრავალფეროვნებაა. მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა ძირითადად დამოკიდებული იყო მეზობელ რუსეთზე, თურქეთსა და სომხეთზე, რომლებიც დღემდე მნიშვნელოვან წილს შეადგენენ. 2024 წელს რუსეთიდან ჩამოსულები ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 22%-ს შეადგენდნენ, ნაწილობრივ უკრაინის ომისა და უვიზო მიმოსვლის გამო. თუმცა, საქართველოს ვიზიტორების წარმომავლობა თანდათანობით უფრო მრავალფეროვანი ხდება და დივერსიფიცირდება. 2024 წელს, 310 000-ზე მეტი ვიზიტორით ისრაელი ლიდერობდა, რაც გასულ წელთან შედარებით უპრეცედენტო 43%-იან ზრდას ასახავდა.

ree

ვიზების გამარტივებისა და საჰაერო კავშირის გაუმჯობესების შედეგად, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსულთა რიცხვიც საგრძნობლად იზრდება. 2025 წელს ინდოელი ვიზიტორების რაოდენობა 30%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ჩინელი ვიზიტორების მაჩვენებელმა 83%-ს მიაღწია. ამას ემატება ვიზიტორების მზარდი რაოდენობა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან და კატარიდან.

ნათელია: საქართველო აღარ არის მხოლოდ კავკასიის „ინსაიდერი” წევრი — იგი გლობალური ტურისტული დანიშნულების ადგილად ყალიბდება.


და მაინც, რისთვის სტუმრობენ მოგზაურები საქართველოს?პასუხი მარტივია: ავთენტურობის, ხელმისაწვდომობისა და ხიბლის იშვიათი ნაზავის შესაძლებლობა.


თბილისი, ძველი ეკლესიების, არტ ნუვოს შენობების, მიტოვებული აივნების და ახალი კაფეების მრავალფეროვანი სცენით, კვლავ ქვეყნის კულტურულ ცენტრად რჩება. ის კოსმოპოლიტური, მრავალფეროვანი და ისტორიით გამორჩეული ქალაქია.


ree

ბათუმი კი სხვაგვარ კონტრასტს ქმნის: ახლად განახლებულ სანაპირო კურორტს, კაზინოებსა და მაღლივ შენობებს სუბტროპიკული პლაჟები ავსებს. ის ძირითადად ზაფხულის ტურისტებს იზიდავს, განსაკუთრებით რეგიონალური და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

ree

თუმცა, საქართველოს ყველაზე დიდი ხიბლი მის მთებშია. სვანეთსა და ყაზბეგში მოგზაურები ალპურ ბილიკებს მიუყვებიან, შუა საუკუნეების კოშკებს სტუმრობენ და ოჯახურ სასტუმროებში ჩერდებიან, სადაც ტრადიციული ვახშამი დღემდე შეშის ღუმელებზე მზადდება.


ree

კახეთში, ქვეყნის ღვინის რეგიონში, სტუმრები აგემოვნებენ ქარვისფერ ღვინოებს, რომლებიც მიწაში დამარხულ თიხის ქვევრებში ინახება — უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში, რომელიც იუნესკოს მიერაა აღიარებული და საფრანგეთსა თუ იტალიას წინ უსწრებს.


ჯავახეთიც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პერიფერიული და მივიწყებული იყო, თანდათან ეკოტურიზმის მიმართულებით განვითარებას განიცდის თავისი ვულკანური ტბებით, ფრინველთა სამიგრაციო ადგილებით და სომხურ-ქართული მემკვიდრეობის უნიკალური შერწყმით.


ree

თუმცა, სწრაფ ზრდას თან ახლავს რისკებიც.


ბოლო წლების ორნიშნა მაჩვენებლები შედარებით ნელდება. 2024 წელს მეზობელი ქვეყნებიდან ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა 9%-ით შემცირდა, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანი ზრდა 5%-ზე ნაკლებად დაფიქსირდა.


სექტორი ასევე მგრძნობიარეა პოლიტიკური პროცესების მიმართ. 2024 წლის ნოემბრის მასშტაბურმა ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა სასტუმროების დაჯავშნებზე მყისიერი გავლენა მოახდინა — თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი დეკემბერში 20%-მდე დაეცა, რაც ნათლად აჩვენებს პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ტურიზმის მჭიდრო კავშირს.


გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო ღრმა პრობლემებიც იკვეთება. ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით თბილისში და ბორჯომში, უჩივის მზარდ ქირებს, ჯენტრიფიკაციასა და ტურისტული ნაკადების ჭარბობას. მთებში გზები და სოფლები გადატვირთულია, რაც საფრთხეს უქმნის მყიფე ეკოსისტემებს. ინფრასტრუქტურა: გზები, სანიტარია და ტრანსპორტი დაზიანებულია და ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს.


ree

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბიუჯეტური ავიაკომპანიები მგზავრთა 20–35%-ს ემსახურებიან, საქართველოში ეს მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია, რაც ქვეყანას ნაკლებად მიმზიდველს ხდის ახალგაზრდებისა და ბიუჯეტური მოგზაურებისთვის.


არსებობს კულტურული გამოწვევებიც: როგორ აისახება საქართველოს იდენტობაზე მისი გარდაქმნა გლობალურ ტურისტულ ბრენდად? დარჩება თუ არა სვანეთი თავისი უნიკალური ავთენტურობით მაშინ, როცა სათხილამურო კურორტები სწრაფი განვითარების გზას ადგანან? შეძლებს თუ არა თბილისი, თავისი „ჰიპური“ და ისტორიულად მრავალფეროვანი ატმოსფეროთი, გაუძლოს კომერციალიზაციის ძლიერ ტალღას?


მიუხედავად ამ შეშფოთებებისა, ეკონომიკური რეალობის უგულებელყოფა შეუძლებელია. 2022 წელს ტურიზმი საქართველოს მშპ-ის 7.2%-ს შეადგენდა, ხოლო მისი მთლიანი გავლენა (არაპირდაპირი ეფექტების ჩათვლით) 25%-ზე მეტს აღწევდა. ამჟამად ის ქვეყნის საერთო საექსპორტო შემოსავლების მესამედზე მეტს ქმნის. ვიზიტორთა საშუალო ხანგრძლივობა 2019 წლის 4 ღამიდან 6.5 ღამემდე გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტების დღიური დანახარჯები კვლავ მატულობს. სექტორი მნიშვნელოვნად ეყრდნობა მცირე ბიზნესს: საოჯახო სასტუმროებს, ტურისტულ ოპერატორებს, ადგილობრივ ხელოვანებსა და მეღვინეებს. ბევრი რეგიონული დასახლებისთვის ტურიზმი მიგრაციისა და უმუშევრობისგან თავის არიდების ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად იქცა.


ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: საქართველოს ტურიზმი აღმავლობის გზაზეა თუ ეკონომიკური ბუშტის შექმნის საფრთხის წინაშე დგას?

ამჟამინდელი მაჩვენებლებით საქართველო მდგრადი განვითარების გზას ადგას. თუმცა ქვეყნის მთავარი გამოწვევა ამ ტემპის სწორად მართვაა.


საქართველოს მიმზიდველობას განსაზღვრავს უნიკალური კულტურის რეპრეზენტაცია, ავთენტურობა, ხელმისაწვდომობა და სტუმართმოყვარეობა , ეს აქტივები უნდა შენარჩუნდეს. ამისათვის საჭიროა სერიოზული ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მდგრადი ტურიზმის განვითარების პოლიტიკაში, ეკოლოგიის დაცვასა და, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.


ree

დღეს ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს მამოძრავებელ ძალად იქცა. ის ქმნის შემოსავალის მნიშვნელოვან ნაწილს, აძლიერებს საერთაშორისო დიპლომატიურ პოზიციებს, ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და ამაგრებს ადგილობრივ თემებს. ამ რესურსის ეფექტიანად გამოყენება ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია.

თუ საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის სწორად გადაჭრას, მისი მაგალითი მხოლოდ რეგიონალური წარმატება არ იქნება, არამედ ქვეყანა გახდება ნიმუში იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს გამოიყენოს ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ გრძელვადიანი კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

Comments


  • White Facebook Icon
  • White Instagram Icon
bottom of page