top of page

არის თუ არა სოციალური უთანასწორობა ჯანსაღი ეკონომიკის ნიშანი?

  • Writer: Ana Maria Phkhaladze
    Ana Maria Phkhaladze
  • Sep 2
  • 3 min read

Updated: Sep 15



„რამდენიმე კვერცხის გატეხვის გარეშე ომლეტს ვერ გააკეთებ.“

ეს ფართოდ აღიარებული გამონათქვამი ეკონომიკური ისტორიის ხანგრძლივ რწმენას გამოხატავს: რეალური პროგრესი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს. განვითარების პროცესში ეს მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ ნაწილდება.


წარსულში, სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანები უფრო მდიდარი გახადა, მაგრამ ამავდროულად გააფართოვა უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: წარმოადგენს თუ არა ეკონომიკური უთანასწორობა მხოლოდ ზრდის თანმხლებ ნეგატიურ ეფექტს, თუ შეუძლია მას იქცეს ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის კატალიზატორად?


ეს ნაშრომი აღნიშნულ საკითხს იკვლევს ისტორიული, თეორიული და თანამედროვე მაგალითების საფუძველზე. უთანასწორობა ხშირ შემთხვევაში თან ახლდა ეკონომიკური ზრდის პერიოდებს, მაგალითად მე-19 საუკუნის ბრიტანეთის კვამლით სავსე ქარხნებიდან დაწყებული სილიკონის ველის თანამედროვე ცათამბჯენებით დამთავრებული. თუმცა, ისტორია ერთმნიშვნელოვანი არ არის. კომუნიზმის მცდელობა, სახელმწიფო კონტროლის გზით აღმოფხვრილიყო უთანასწორობა, გვთავაზობს ალტერნატიულ პერსპექტივას, სადაც თანასწორობა მიღწეულია ინოვაციის, ინდივიდუალური ინიციატივისა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური დინამიზმის ხარჯზე. კაპიტალისტური და კოლექტივისტური მოდელების შედარება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ, თუ როგორ არის გადაჯაჭვული უთანასწორობა და ეკონომიკური ჯანმრთელობა.


ree

ეკონომიკური უთანასწორობის მხარდამჭერები მას როგორც ძლიერი მოტივატორის როლში განიხილავენ. რწმენა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ძალისხმევით მიაღწიოს კეთილდღეობას, უბიძგოს მას რისკზე წასვლისკენ, ინოვაციური იდეების განვითარებასა და მსხვილ ინვესტიციებში ჩართვისკენ.


ამგვარი სტიმულირების მექანიზმი მკაფიოდ ჩანს სილიკონის ველში, სადაც ილონ მასკმა, სტივ ჯობსმა და მარკ ცუკერბერგმა მასშტაბური იდეები მილიარდდოლარიან ბიზნესებად გარდაქმნეს. მათი მოტივაცია მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ან იდეალიზმი არ ყოფილა, ისინი წარმატებას უზარმაზარ მატერიალურ სარგებელთან აკავშირებდნენ. შედეგად, ათასობით მეწარმემაც აიღო ანალოგიური გზა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ინოვაციები ხელოვნურ ინტელექტში, ბიოტექნოლოგიაში, ფინტექში და სხვა დარგებში. უთანასწორობა აქ შემთხვევითი არ არის, ის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნიჭს, რისკს და შემოქმედებითობას განსაკუთრებით აჯილდოებს.



ინდუსტრიალიზაცია და უთანასწორობის ფესვები


ჩინეთის რეფორმების შემდეგ მსგავს დინამიკას ვხედავთ აზიის ამ ქვეყანაში. მე-20 საუკუნის ბოლოს, ცენტრალიზებული დაგეგმვის ათწლეულების შემდეგ, ჩინეთმა დაიწყო ბაზარზე ორიენტირებული რეფორმები. ამ ნაბიჯებმა ახალი ბიზნესის სწრაფი ზრდა განაპირობა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში. კომპანიები, როგორიცაა Alibaba და Temu, მცირე ინიციატივებიდან გლობალურ მოთამაშეებად იქცა. ჯეკ მა „ჩინური ოცნების“ სიმბოლოდ იქცა და მილიონობით ადამიანს შთააგონა. ეკონომიკა დინამიური გახდა ინოვაციისა და გლობალური ინტეგრაციის წყალობით, მაშინაც კი, როდესაც სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა.


ree

სამხრეთ კორეის ომისშემდგომი აღმავლობაც მნიშვნელოვანია. 1960-იანი წლებიდან ქვეყანა სწრაფად გადავიდა სიღარიბიდან ინდუსტრიულ სიძლიერეზე ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკისა და განათლებასა და ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტიციების მეშვეობით. თავდაპირველად სიმდიდრის კონცენტრაციამ უთანასწორობა გააღრმავა, თუმცა დროთა განმავლობაში სახელმწიფო რეფორმებმა: უნივერსალურმა განათლებამ, ჯანდაცვამ და გადანაწილების პოლიტიკამ თანდათან დაბალანსებული ეკონომიკური მოდელი შექმნა.


ree

საბჭოთა კავშირის გამოცდილება საპირისპირო მაგალითს გვთავაზობს. მარქსისა და ლენინის იდეოლოგიით მართული სისტემა ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას ცდილობდა კოლექტიური საკუთრებისა და ცენტრალიზებული დაგეგმვის გზით. თეორიულად ეს თანასწორობას ჰპირდებოდა ყველას თანასწორობას, მაგრამ პრაქტიკაში ინოვაცია, მეწარმეობა და ეფექტიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და ქრონიკული დეფიციტი საბოლოოდ ეკონომიკური სისტემის კოლაფსში გადაიზარდა. საბჭოთა მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ იძულებითი თანასწორობა დინამიკისა და მოქნილობის ხარჯზე მდგრადი ვერ იქნება.


ree

დღევანდელი ამერიკის მაგალითი კიდევ ერთ გამოწვევას ასახავს. მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა და სიმდიდრის უზარმაზარი კონცენტრაციისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს სისტემიდან გარიყულად გრძნობს. მზარდი ხარჯები, სტაგნაციური ხელფასები და სუსტი საჯარო სერვისები ძირს უთხრის სოციალურ ნდობას და მობილურობის შესაძლებლობას. პოლიტიკის გარეშე: პროგრესული დაბეგვრის, შრომითი უფლებების გაძლიერებისა და ხელმისაწვდომი განათლების ჩათვლით, უთანასწორობა შეიძლება მუდმივ პრივილეგიად იქცეს.


თეორიული ჩარჩო: კუზნეცის მრუდი


ეს მოვლენები თანხვედრაშია კუზნეცის მრუდის თეორიასთან, რომელიც ეკონომისტმა სიმონ კუზნეცმა 1950-იან წლებში ჩამოაყალიბა. მისი მტკიცებით, უთანასწორობა იზრდება ინდუსტრიალიზაციის საწყის ეტაპზე, რადგან სიმდიდრე კონცენტრირდება მათ ხელში, ვისაც უკვე აქვს კაპიტალი ან სწრაფად ადაპტირდება, სხვები კი ჩამორჩებიან. თუმცა, ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად: განათლების, სოციალური სახელმწიფოსა და პროგრესული დაბეგვრის მეშვეობით ,უთანასწორობა დროთა განმავლობაში მცირდება.

ამ მრუდს გარკვეულწილად მიჰყვება ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუცია, სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული და ჩინეთის ტექნოლოგიური აღმავლობა. ადრეულ ეტაპზე უთანასწორობა გაიზარდა, მაგრამ შემდგომმა რეფორმებმა სარგებელი უფრო ფართო მასშტაბით განაწილა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი უნივერსალური არ არის, რადგან ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა კვლავ ებრძვის ფესვგადგმულ უთანასწორობას, კუზნეცის მრუდი სასარგებლო ჩარჩოს გვთავაზობს ეკონომიკური გარდაქმნების გასაგებად.


ree

დასკვნა


ეკონომიკური უთანასწორობა თავისთავად კეთილდღეობას არ ქმნის, ისევე როგორც სრული თანასწორობა ავტომატურად არ უზრუნველყოფს მას. გადამწყვეტ როლს ასრულებს ინსტიტუტების ხარისხი და პოლიტიკის მიმართულება. ისტორია გვასწავლის, რომ უთანასწორობა შეიძლება იყოს გარდაქმნის დროებითი თანმხლები, მაგრამ სწორი პოლიტიკის პირობებში მისი დადებითი ასპექტები: ინოვაცია, ინვესტიციები და ამბიცია, შესაძლებელია ფართო კეთილდღეობისთვის გამოყენებულ იქნას.


საბჭოთა გამოცდილება ცხადყოფს, რომ იძულებითი თანასწორობა, რომელიც შემოქმედებისა და წინსვლის ხარჯზე მიიღწევა, მდგრადი ვერ იქნება. ამიტომ, მთავარი გამოწვევა არა უთანასწორობის სრულად აღმოფხვრაა, არამედ მისი ისე მართვა, რომ ეკონომიკური სისტემის სტაბილურობა და პროგრესი არ დაზიანდეს. როგორც ძველი ანდაზა გვახსენებს, „ რამდენიმე კვერცხის გატეხვის გარეშე ომლეტს ვერ გააკეთებ რამდენიმე.“ უთანასწორობა შეიძლება გარდაუვალი ინგრედიენტი იყოს, თუმცა თითოეულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენია ზედმეტი და როგორი „ომლეტი“ სურს შეიქმნას.



Comments


  • White Facebook Icon
  • White Instagram Icon
bottom of page